eng | ქარ 29 ნოემბერი 2021, 08:51 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც არ უნდიხარ - თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021 | 18:48

სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან და ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ, დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ,- ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება დემოკრატიული წესით აქვს მოპოვებული.

„ხომ ბევრს გეგონათ ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა, მაგრამ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ჩვენამდე და ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლა...

მე მოვუწოდებ ყველა დედას, შაბათს არჩევნებზე მივიდეთ. ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დავუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა. შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას ისედაც ერთი ბეწო საქართველოს“,-განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, 30 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან „ერთ მხარეს არის სიყალბე, ადამიანთმოძულეობა და მეორე მხარეს არის გულწრფელი ძალა“.

“ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა მათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არამედ ახალ თაობებს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„სამი წლის განმავლობაში არჩევნები აღარ იქნება, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს კონსტიტუციურ ვადებში აუცილებლად იქნება. ჩვენი ხელისუფლების ვალია და ასეთია ჩვენი ხვედრი, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა მათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, არა მათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა მათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს. ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ვდგავართ მყარად. შაბათს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქცია იმართება. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერები მიმართავენ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times